საინფორმაციო პორტალი

ექსკლუზივი, სკანდალი, პოლიტიკა, ეკონომიკა, შოუ-ბიზნესი, მედიცინა, კრიმინალი, სპორტი.



пятница, 26 марта 2010 г.

1 წელიწადში ქართველ ემიგრანტთა რაოდენობა გაორმაგდა

1 წელიწადში ქართველ ემიგრანტთა რაოდენობა გაორმაგდა

2009 წელს საქართველოში მიგრაციის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაორმაგებულია. ეს მონაცემები გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაშია მოყვანილი. ამ მაჩვენებლით საქართველო პირველად შევიდა იმ ქვეყნების ათეულში, რომლის მოქალაქეებიც ყველაზე ხშირად ითხოვენ საზღვარგარეთ თავშესაფარს. 2008 წლის მონაცემებით, საქართველო ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მე-17 იყო.

ამ "შავ ათეულში" მე-10 ადგილზე მყოფი საქართველოს გარდა შედიან: ავღანეთი, ერაყი, სომალი, რუსეთი, ჩინეთი, სერბია, ნიგერია, ირანი და პაკისტანი.
ყველაფერთან ერთად, გაეროს უმაღლესი კომისიარიატის დასკვნაში მითითებულია, რომ საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა საზღვარგარეთ სამუდამოდ წასვლის მსურველთა ზრდის ტემპებით. 
დასკვნაში საუბარია იმ მოქალაქეებზე, რომელთაც ოფიციალურად მოითხოვეს საზღვარგარეთ თავშესაფარი. მიგრაციის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა შეფასებით, მათი რაოდენობის გაორმაგება იმას ნიშნავს, რომ უცხოეთში არალეგალურ მიგრანტებად მყოფ ქართველთა რაოდენობაც რამდენჯერმე გაიზარდა.2009 წელს საქართველო, მსოფლიოს 44 ქვეყანაში, მოქალაქეების მიერ თავშესაფრის თხოვნის მიხედვით, მე-10 ადგილზეა. წინა წელთან შედარებით, საზვარგარეთ თავშესაფრის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა ორჯერ - 102%-ით არის გაზრდილი. დასკვნის მიხედვით, 2008 წელს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში თავშესაფარი საქართველოს 5 454-მა მოქალაქემ ითხოვა, 2009 წელს კი - 10 994-მა.

დასკვნის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები თავშესაფარს ძირითადად ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში ითხოვენ. 2009 წლის მონაცემებით, საქართველოდან ავსტრიაში თავშესაფარი 976 ადამიანმა მოითხოვა, ბელგიაში - 327-მა, ბულგარეთში - 16-მა, კანადაში - 66-მა, კვიპროსზე - 73-მა, ჩეხეთში - 33-მა, დანიაში - 11-მა, ესტონეთში - 6-მა, ფინეთში - 22-მა, საფრანგეთში - 471-მა, გერმანიაში - 544-მა, საბერძნეთში - 2 170-მა, უნგრეთში - 116-მა, ირლანდიში - 88-მა, იტალიაში - 82-მა, ლიტვაში - 74-მა, ნიდერლანდებში - 412-მა, ნორვეგიაში - 47-მა, პოლონეთში - 4 182-მა, რუმინეთში - 26-მა, სლოვაკეთში - 98-მა, ესპანეთში - 36-მა, შვედეთში - 359-მა, შევიცარიაში - 536-მა, ბრიტანეთში - 95-მა, აშშ-ში კი - 113-მა ადამიანმა.

დასკვნის მიხედვით, თავშესაფარის თხოვნის ობიექტი 44 ქვეყანაა, რომელშიც შედის ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ასევე ალბანეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ხორვატია, ლიხტენშტეინი, ისლანდია, მონტენეგრო, სერბეთი, მაკედონია, თურქეთი, ავსტრალია, კანადა, იაპონია, ახალი ზელანდია, კორეა და აშშ. ამავე მონაცემებით, 2009 წელს ამ ქვეყნებს თავშესაფრის თხოვნით, სულ, 377 200-მა აპლიკანტმა მიმართა.

დასკვნაში საუბარია ისეთ ადამიანებზე, რომლებსაც თავშესაფრის მოთხოვნით მიმართული აქვთ კონკრეტული ქვეყნისათვის, თუმცა, მათი ლტოლვილთა სტატუსი ჯერ განსაზღვრული არ არის. დასკვნაში წერია, რომ აღნიშნული ციფრები ეფუძნება თავშესაფრის თხოვნის ოფიციუალურ სტატისტიკას, რომელიც კანონმდებლობისა და პროცედურების დაცვით ხორციელდება.

                   მიშო ხეცოიძე

საინფორმაციო პორტალი

ანალიზი, შეფასება, კომენტარი

среда, 7 октября 2009 г.

გაზეთი ”ყველა სიახლე”

გაზეთი ”ყველა სიახლე”, გამოდის ხუთშაბათობით...

საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ...